თურნავა და ხუციშვილი ლონდონში ინვესტორებთან შეხვედრებს მართავენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო გააცნეს.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს, სადაც განიხილება გლობალური და რეგიონული ეკონომიკური გამოწვევები, მდგრადი განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის შესაძლებლობები.
ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ასევე მართავენ ორმხრივ შეხვედრებს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ეროვნული ბანკის ცნობით, ხელს უწყობს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას,
უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრებზე თურნავამ და ხუციშვილმა ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და პროგნოზები გააცნეს.
„გლობალურად მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს სტაბილურობას. ფასების სტაბილურობას, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა წარმატებით უზრუნველყოფს. საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა ინვესტორებისთვის მიმზიდველია და საქართველოს მიმართ დაინტერესება მაღალია”, - აღნიშნა თურნავამ.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით და საინვესტიციო ბანკების — JP Morgan-ის და ICBC-ის ორგანიზებით, ასევე გაიმართა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრების სერია (non-deal Roadshow).
გარდა ამისა, ქართული დელეგაცია მიწვეულ იქნა Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ საქართველოს პანელზე.
ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს გააცნო მაკრო-ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები. შეხვედრებზე ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსაც.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევს ფისკალურ დისციპლინას, რაც პანდემიური და პოსტ-პანდემიური პერიოდის კრიზისების გამკლავებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საყრდენია.
„სწორედ ამ ფისკალური დისციპლინის შედეგად, დღეს ფისკალური პარამეტრები (ვალი, დეფიციტი) დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს, რაც საშუალებას გვაძლევს აქტიურად განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და სტრუქტურული რეფორმები ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით”, - განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოს მხრიდან ღონისძიებებზე წარმოდგენილ იყვნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სხვა წარმომადგენლები.