მასწავლებლის ეროვნული პრემია: განაცხადების მიღების დაწყების თარიღი ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება
Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მისაღებად განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში.
ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.
„წლის საუკეთესო, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია - სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 2023 წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.