თბილისი, 9 მაისი - Sputnik. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომლის შემდეგ საზეიმო მსვლელობა დაიწყება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს, 13:00 საათზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
„ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.