მაჭარაშვილი: იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო „ნაცმოძრაობას“ იურიდიულად გააუქმებს

მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ დროებითი კომისიის ანგარიშმა, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად აღიარება გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. იმედია, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლო „ნაცმოძრაობას“ იურიდიულად გააუქმებს, რადგან ამის საფუძველი ნამდვილად ექნება, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა ქართულ პოლიტიკას საშუალებას მისცემს, პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს. დარწმუნებული ვარ, ბევრი პარტია იქნება, ვინც ამ სიცარიელეს შეავსებს. თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ, მაინც გაუქმდებიან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციაც აღარ არსებობს, „არსებობს პოლიტიკური რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ანასხლეტების სახით“.
„ოპოზიციამ თავი დილემის წინაშე დააყენა – არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ვაია, არ მიიღებს, ვუია. იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ ვაი ან ვუი აირჩიონ. ეს მათ პატრონებზეა დამოკიდებული, მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
კომისიის საქმიანობა
30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 5 მაისიდან ერთი თვით, 5 ივნისამდე გაუგრძელა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ უკვე განაცხადეს, რომ ანგარიშმა, შესაძლოა, ქვეყანაში არაერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად აღიარება გამოიწვიოს.
„ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა"
„ქართულმა ოცნებამ" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხა.
2024 წლამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩებოდა სიდიდით მეორე პარტია საქართველოში, მიუხედავად სამი წაგებული საპარლამენტო არჩევნებისა, მაინც ინარჩუნებდა თავის რესურსს და ამომრჩეველს.
ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური ძალები შექმნეს, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მათ სერიოზულ ოპონენტებად არ თვლის და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას" უწოდებს.
ოპონენტთან ბრძოლაში მმართველი პარტია ძირითად აქცენტს სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის დანაშაულებებთან ბრძოლაზე აკეთებს.
სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არიან და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება თავად სააკაშვილს, მისი რამდენიმე მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს. საქართველოს ციხეებში მხოლოდ წამების საქმეზე განაჩენი 70-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს გამოტანილი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად ცნობისთვის ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის".