საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკიც 23-დან 34 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება სსკ-ის 19-344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს.