თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა შორის არიან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ისე წარსულში ნასამართლევი პირები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ.
სამართალდამცველებმა, დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამ პირს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა, რაც 17- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 პირს კი ბრალდება სსკ-ის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით წარედგინა, რაც 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.