თბილისი, 5 მაისი — Sputnik. პოლიციამ 1-ელი იანვრიდან 16 აპრილამდე პერიოდში გამოავლინა მარიხუანას მოხმარებასა და შენახვასთან დაკავშირებული 152 და სხვა ნარკოტიკებთან დაკავშირებული 222 სამართალდარღვევა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დეკრიმინალიზაცია და არა ლეგალიზაცია
საქართველოში მარიხუანას მოხმარება და შენახვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. მოხმარების შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის ქუჩაში და ეზოში არასრულწლოვნების თანდასწრებით „ბალახის" მოწევაზე.
შსს-ს ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 16 აპრილის ჩათვლით პერიოდში მარიხუანას მოხმარებისთვის რვა პირი დაჯარიმდა. მარიხუანას შეუფერებელ ადგილებში ან ბავშვების თანდასწრებით მოხმარების შემთხვევების უმეტესობა თბილისში ფიქსირდება, რაც შემთხვევების სართო მაჩვენებლის ნახევარზე მეტს შეადგენს.
რაც შეეხება მარიხუანას შენახვის შემთხვევებს, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა 144 შემთხვევა - ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონებში.
მარიხუანის შენახვისთვის დაჯარიმებული 144 პირიდან ერთი ქალია.
საქართველოში აკრძალულია სხვა ნარკოტიკები
საქართველოში სხვა ნარკოტიკებთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკა მოქმედებს. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, ასევე უკანონო შენახვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები ან, გამონაკლისის სახით, ადმინისტრაციული პატიმრობა.
რაც შეეხება ნარკოტიკების მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში საქართველოში ასევე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღნიშნული დანაშაულის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში. მოხმარებისთვის სასჯელი იქნება არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოები.
საანგარიშო პერიოდში სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო მოხმარების, პირადი მიზნებისთვის მომზადების, შენახვის, გადაგზავნის და გადაზიდვის 222 შემთხვევა გამოავლინეს, რომელთა 45% თბილისში დაფიქსირდა.
დაჯარიმებულთა შორის სამი ქალი და სამი 60 წელს ზემოთ პირია.