თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ცოტნე დადიანის ქუჩაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით შეიზღუდა, იუწყება თბილისის მერია.
4 მაისს, დადიანის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იატაკი ჩაინგრა - მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი პირი, კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
„მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებების გამო, ტერიტორიაზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა გართულდა და საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე 12-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დროებით აიკრძალა“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ამჟამად, 12-მეტრიანი ავტობუსები დროებით გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე.
კერძოდ: ავტობუსი N323, N317 და N370 იმოძრავებენ თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი წერეთლის გამზირის გავლით, დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. ავტობუსი N323 სადგურის მოედნიდან გააგრძელებს გადაადგილებას გიორგი ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით, მათ შორის უკუმიმართულებითაც.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.