თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 12 პირი

დანაშაული ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 12 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები ბოლო პერიოდში თბილისში, კახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 23-დან 25 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებიც არიან. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - პისტოლეტები, რევოლვერები, ავტომატი, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და მაყუჩი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.