თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება

ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება უზბეკურმა ავიაკომპანია Fly Khiva-მ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.
ავიაკომპანიამ Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით პირველი მგზავრები უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.
კომპანიის ცნობით, Fly Khiva-მ საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა.
Fly Khiva ფლობს Boeing 767-300 ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებსა და ორ Boeing 757-300 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც აღჭურვილია ბიზნესკლასის – 22 და ეკონომკლასის 203 ადგილით.
2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რვა ახალი ავიაკომპანია ემატება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კი – ორი.