ვაგზლის მოედანზე ხანძარმა მაღაზიები და საწყობები გაანადგურა - ვიდეო

თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ ძლიერი ხანძრის შედეგად ე.წ. ბორჯომის ვაგზლის შენობაში არსებული სავაჭრო ობიექტები განადგურდა.
Sputnik
ცეცხლი დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა ტერიტორიაზე. ხანძრის შედეგად 14 ათას კვადრატულ მეტრამდე სავაჭრო ფართობი განადგურდა
დაიწვა ათობით მაღაზია და საწყობი, სადაც ინახებოდა სხვადასხვა საქონელი - ბოსტნეული, ტანსაცმელი, ელექტროტექნიკა, წიგნები, სასკოლო ნივთები, სხვადასხვა პროდუქცია.
ზარალის ოდენობა, ისევე როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი, ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული.
4 საათის განმავლობაში მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა მოახერხეს. თუმცა, შენობა და მასში არსებული სავაჭრო ობიექტები, პრაქტიკულად, სრულად დაიწვა.
ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს, დამწვარი შენობის ადგილზე რა აშენდება, ამას დრო გვიჩვენებს.
გვერდით მდებარეობს ცარიელი ტერიტორია, სადაც 2017 წელს ხანძრის შედეგად დამწვარი სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ ფუნქციონირებდა. მაშინ ხანძარს 9 სთ-ის მანძილზე აქრობდნენ და მიუხედავად მეხანძრეების ძალისხმევისა, შენობა მთლიანად დაიწვა.