პრემიერი: ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ევროინტეგრაცია რჩება უ საქართველოს უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად და 2030 წლისთვის ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კომპონენტით მზად იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. საპასუხოდ, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს და ევროინტეგრაციის გზაზე დაუყონებლივ დაბრუნებისა და იმ კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს, რომლებიც ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით. ეს ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, ასევე ეკონომიკას და ზოგად მზაობას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის", - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.
„მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს იყენებენ საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად, ისევე როგორც ეს მოხდა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
სტატუსთან ერთად საქართველომ მიიღო ცხრა პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.