სიგარეტის კონტრაბანდა: დაკავებულია ერთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცხელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 38,190 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 179 ათას ლარს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.