თბილისში საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

ორივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით გამართულ აქციაზე ორი პირი დააკავეს, იუწყება „რუსთავი 2“ შსს-ზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე.
აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქციები თბილისში
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. ევრომაიდანის რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.