თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ტოკიოში გამართულ მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავეებმა 68 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავეს.
17-20 აპრილს იაპონიის დედაქალაქი ფიგურულ სრიალში „მსოფლიო ნაკრების თასი 2025“-ს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა პრესტიჟულ ტურნირში World Team Trophy. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ექვსი ქვეყნის - აშშ, იაპონია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, საქართველო - სპორტსმენები.
პირველ ადგილზე 126 ქულით აშშ-ის ნაკრები გავიდა, მეორე ადგილზე 110 ქულით იაპონია, მესამეზე კი 86 ქულით იტალია გავიდა.
ქართველმა მოციგურავეებმა ანასტასია გუბანოვამ და ალინა ურუშაძემ მეოთხე და მე-12 ადგილები დაიკავეს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მესამე ადგილზე გავიდნენ, მოციგურავეებმა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა მე-9 და მე-12 ადგილები დაიკავეს, დიანა დევისისა და გლებ მეტელკინის წყვილი კი მეოთხე ადგილზე გავიდა.
„მსოფლიო ნაკრების თასი“ (ISU World Team Trophy) ფიგურულ სრიალში საერთაშორისო გუნდური შეჯიბრებაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში ISU-ს (ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია) მსოფლიო რეიტინგში სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით ექვსი საუკეთესო ქვეყანა მონაწილეობს.