საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - ვიდეო

საქართველოში ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავენ. თუ როგორ აღნიშნავენ ამ დღეს მორწმუნეები, იხილეთ ვიდეოში
Sputnik
სააღდგომო წირვა, ტრადიციულად, დიდ შაბათს, გვიან საღამოს იწყება. ბევრი მორწმუნე ტაძარში წირვის დასრულებამდე, თითქმის დილამდე რჩება.
ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“
ამ დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას. მომდევნო დღეს, ორშაბათს საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული.
ქართული სააღდგომო სუფრა თავისი სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მწვანე ჯეჯილზე დალაგებული აუცილებელი წითელი კვერცხებისა და პასკის გარდა, მაგიდას ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები და უამრავი სხვა ნუგბარი ამშვენებს. სიცოცხლის სადიდებელი ამ დღეს საქართველოში წითელი ღვინით ისმება — ესეც ქრისტეს სისხლის სიმბოლოდ.
ყველაზე საყვარელ და ფართოდ გავრცელებულ ტრადიციად, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რჩება „კვერცხის გატეხვის“ ტრადიცია.