თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საფრანგეთის საელჩო მიზანმიმართულად აფინანსებს რადიკალურ ორგანიზაციებს საქართველოში, ამიტომ მათი მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აგებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.
დიპლომატიური მისიის ვებ-გვერდის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ გაიმარჯვა საფრანგეთის საელჩოს მიერ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებულ კონკურსში. ორგანიზაციის პროექტმა გორსა და ქუთაისში უნდა შექმნას ახალი ტურისტული მარშრუტები, რომლებიც საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლას შეუწყობს ხელს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ, ფაქტია, რომ მომავალში თუ რამე მოხდება, შეუძლია ამ ადამიანს (საფრანგეთის ელჩს - რედ.) პირდაპირ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რას გააკეთებენ ეს ორგანიზაციები," - აღნიშნა მახაშვილმა.
მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ საელჩოს მიერ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისთვის" გამოყოფილი გრანტი რეალურად სხვა მიზნებს მოხმარდება, რადგან, მათივე თქმით, ამ ორგანიზაციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრები, „კანვასის" დამფუძნებლები და ტრენერები არიან. მათ შორის არიან გიორგი კანდელაკი და ირაკლი ხვადაგიანი.
„აქამდე თუ ვინმეს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ამა თუ იმ ელჩს, ამა თუ იმ ქვეყანას რაღაც შეცდომით მოუვიდა, არ ჰქონდა გათვლილი, არ ჰქონდა გააზრებული, არ იცოდნენ ამ ორგანიზაციების შესახებ, დღეს მე მგონი ცხადია ყველაფერი, შეგნებულად, მიზანმიმართულად ხდება ამ ტიპის რადიკალური ორგანიზაციების დაფინანსება, წახალისება, იმისთვის, რომ შემდგომ მათ მოაწყონ ის, რაც არაერთხელ მოაწყვეს პარლამენტის წინ“, - განაცხადა მახაშვილმა.
ამიტომ, მომავალში, როდესაც სავარაუდოდ ვნახავთ ამავე ორგანიზაციების მხრიდან ძალადობრივ, ფსიქოლოგიური შანტაჟის თუ ა.შ. განხორციელებულ აქტივობებს, პირდაპირ, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ შეგვიძლია დავადოთ ხელი და მივუთითოთ ამ ადამიანზე, საფრანგეთის ელჩზე მაქვს საუბარი, აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, როგორც პარტიის წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ საელჩოს მიერ გამოყოფილ გრანტს პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ ექნება.
„მე ზუსტად არ ვიცი ამ გრანტის დანიშნულება, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ ირაკლი ხვადაგიანი არის ჩვენი თანამებრძოლი, ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ისტორიკოსი საქართველოში, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს საბჭოთა რეპრესიების კვლევის პროცესში... მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გრანტი, როგორც სხვა გრანტები მოხმარდება ამ პროცესს და არავითარი კავშირი ამას პოლიტიკურ პარტიასთან არ ექნება“, - განაცხადა სანიკიძემ.
ის ასევე დარწმუნებულია, რომ ორგანიზაციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
2023 წლის 26-29 სექტემბერს CANVAS-ის წევრების მიერ ჩატარებული ტრენინგები არის ერთ-ერთი მტკიცებულება სუსის საქმეში, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მიზნით დაგეგმილ არეულობებს ეხებოდა. სუსის მონაცემებით, საქართველოში არეულობები დაიგეგმა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. არეულობას ევროკავშირის უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა გამოეწვია.
ოფიციალურად იყო გაცხადებული, რომ ტრენინგები კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა თემაზე „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლა“. რეალურად კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, CANVAS-ის წევრების ვიზიტის მიზანი იყო იმ ახალგაზრდებთან და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება, რომლებიც 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტრუქციული და უკანონო ქმედებების ბირთვი უნდა გამხდარიყო.
ტრენინგების ორგანიზატორები იყვნენ „CANVAS-საქართველო“ და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ (EWMI), ხოლო დამფინანსებელი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში.
იმავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამტკიცებს, რომ უცხოელი დონორების მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწმილი პოლიტიკური პარტიების მიერ კონტროლირებადი ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ხვდება.ოძრ