თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ქართული თაფლის ექსპორტი ჩინეთში იქნება შესაძლებელი, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის ფარგლებში მოეწერა, რომლის მე-9 სხდომაც თბილისში გაიმართა.
ამასთან, უახლოეს თვეებში დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ოქმთან დაკავშირებით. ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილის, ლინ ძის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობების, ასევე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე.
კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს, განხილვის ერთ-ერთი თემა ასევე იყო შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი აღნიშნული დერეფნის განვითარებაში.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც დააწესა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან და ამით ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო პარტნიორისა და სატრანზიტო ჰაბის", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების და საინვესტიციო გარემოს, ასევე მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ბიზნეს კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 1.92 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთმა მე-4 ადგილი დაიკავა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.
ლევან დავითაშვილმა ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი "თბილისის აბრეშუმის გზის" მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.