თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. სამმხრივი მოლაპარაკებები რეგიონულ თანამშრომლობაზე სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით თბილისში ხუთშაბათს გაიმართება, იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე. ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს საკუთარი პლატფორმა მოლაპარაკებების გამართვისთვის.
2021 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.