თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები დედაქალაქის მთავარი გამზირის რუსთაველის ნაცვლად, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებში.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
საქართველოს მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის- 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
დოკუმენტის მიხედვით, პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა 17:10 საათზე დაიწყება. დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომელიც, პირდაპირი ეთერით გადაიცემა. მისი ლოკაცია, ამ დროისთვის, უცნობია.
კულტურის სამინისტროს დაევალა თბილისში, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა. მათ შორის მოეწყობა: სპორტული აქტივობების სივრცე, კულტურული აქტივობების თემატური სივრცე, საგამოფენო სივრცე, საბავშვო სივრცეები, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცე, ტერიტორიის გასაფორმებელი დეკორაცია.
ამასთან, მთავრობის განკარგულების მიხედვით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფიცის დადების ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და 5 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: "ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.