თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. ნატურალური წვენის და სასმელების მწარმოებელ კომპანია „კამპას“ მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდა, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.
საქმის განხილვისას დასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი ერთ-ერთი პროდუქტის („ალუბლისა და ბროწეულის წვენი 100%“) ძირითადი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლებს შეცდომაში შემყვანი ფორმით აწვდის.
კერძოდ, კონკრეტული წვენის შეფუთვის ძირითადი ვიზუალური ნაწილის მიხედვით, მის ძირითად შემადგენლობას ალუბლისა და ბროწეულის აღდგენილი კონცენტრირებული წვენი წარმოადგენს, ხოლო იმავე შეფუთვის უკანა მხარეს - წვრილი ასოებით მითითებულია, რომ წვენში 80%-ის მოცულობით არის ვაშლის კონცენტრირებული წვენი, ხოლო ალუბლისა და ბროწეულის წვენები მხოლოდ 10-10%.
სააგენტოს პოზიციით, აღნიშნული საქმის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ხარისხი განსაკუთრებული ინტენსივობით ხასიათდება.
„შპს „კამპას“ მიერ წვენის შეფუთვის ფორმაში იკვეთება მომხმარებლისთვის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრე ვალდებულია, „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ეფექტის მაქსიმალური გამორიცხვით, შეცვალოს კონკრეტული წვენის ეტიკეტირება და მომხმარებელს პროდუქციის შესახებ - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი, სრული ინფორმაცია.
კონკურენციის სააგენტო ყურადღებით აკვირდება საქართველოში 2022 წლის 1 ივნისიდან მოქმედი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესრულებას და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას.