თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ექვსი პირი, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 20-დან 39 წლამდეა, რუსეთის, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეები არიან. მათგან ორი - საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები წარსულში ნასამართლევი პირები არიან.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელს, რუსეთის მოქალაქეს, დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა და გადანაწილებული ჰქონდათ როლები - ისინი დაწესებულებაში შესულ მოქალაქეებს თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-180-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-წლამდე ვადითი პატიმრობას ითვალისწინებს.