სამეგრელოში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღო

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამეგრელოში 30 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ელექტროსასწორები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.