თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებენ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციოს რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას.
უწყების ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები", - ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმდინარე წელს ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 საწარმოში - ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა. ამასთან, საკონდიტრო საწარმოებში განხორციელდა 175 შემოწმება. გამოვლინდა ათი სამართალდარღვევა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.