თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თანამდებობის პირთა დანაშაულების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდება, რაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ შესაძლებლობას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადის მინიმუმ ერთი თვით გაგრძელების აუცილებლობის საკითხი გასულ კვირას კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა წამოაყენა. ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გუშინ გამართულ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. მანამდე გაფართოვდა კომისიის მანდატიც: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა“.
„თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა", - განაცხადა მდინარაძემ.
„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ქვეშ ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე პარტიებს.
მანამდე მდინარაძემ აღნიშნა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ვერ მიიღებს მონაწილეობას არა მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ საქართველოში გამართულ ნებისმიერ არჩევნებში, რადგან ისინი არაკონსტიტუციურად გამოცხადდება და მათი საქმიანობა აიკრძალება.
როგორც ორშაბათს, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ განაცხადა, ისინი უარს არ იტყვიან საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადის გაგრძელებაზე, რადგანაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მონაწილეობა მმართველი გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
„მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და ჩვენ სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში“, - განაცხადა დეპუტატმა.
მმართველი გუნდი არავის მისცემს ამ საკითხით სპეკულირების უფლებას არც ქვეყნის შიგნით და არც მის საზღვრებს გარეთ, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ჩვენ არავის მივცემთ ამ საკითხით სპეკულირების უფლებას და იმის თქმის საშუალებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე. რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი, მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო კომისია კიდევ ბევრ ისეთ ამბავს გამოააშკარავებს, რომელიც მეტად და უფრო ცხადად გაშიფრავს აგენტურული პარტიებისა და პოლიტიკოსების მოქმედებებს.
„რაც შეეხება „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ამ განცხადების შემდეგ მათი პატრონები და დამფინანსებლები მათ ახალ დავალებებს მისცემენ და მათ მოუწევთ მათთვის ბოლო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, სადაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ყველას, რამდენად უშედეგოა დამოუკიდებელ და თავმოყვარე საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა“, – განაცხადა მდინარაძემ.
2025 წლის ოქტომბერში 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებებისგან თავს იკავებს.
დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა. კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
„ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა"
„ქართულმა ოცნებამ" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხა.
2024 წლამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩებოდა სიდიდით მეორე პარტია საქართველოში, მიუხედავად სამი წაგებული საპარლამენტო არჩევნებისა, მაინც ინარჩუნებდა თავის რესურსს და ამომრჩეველს.
ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური ძალები შექმნეს, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მათ სერიოზულ ოპონენტებად არ თვლის და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას" უწოდებს.
ოპონენტთან ბრძოლაში მმართველი პარტია ძირითად აქცენტს სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის დანაშაულებებთან ბრძოლაზე აკეთებს.
სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არიან და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება თავად სააკაშვილს, მისი რამდენიმე მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს. საქართველოს ციხეებში მხოლოდ წამების საქმეზე განაჩენი 70-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს გამოტანილი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად ცნობისთვის ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის".