თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. თბილისის ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ნათქვამია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობები 1-ელი, მე-17, 28-ე და 38-ე ბაღების დირექტორებმა დატოვეს. მათ მოვალეობას მოადგილეები ასრულებენ. ოპოზიციურ მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების მიერ დირექტორების გათავისუფლება თბილისში ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
„გათავისუფლდა ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი; ზოგიერთი დასაქმებულის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბავშვო ბაღების გაერთიანების ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ორგანიზაციული ცვლილებების გატარებასთან ერთად, დაიწყო კომპლექსური მონიტორინგის პროცესი, რომლის მიზანია ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო და ადმინისტრირების პროცესის შესაბამისობის შეფასება არსებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან.
მათივე ცნობით, კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სააღმზრდელო მიმართულებით.
„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია ბაღის დირექტორი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მინდობილ პირს. რამდენიმე ბაღში გამოვლენილმა დარღვევების სიმძიმემ აჩვენა, რომ ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს სააღმზრდელო პროცეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო თუ ადმინისტრაციული პროცესის კანონთან თუ სხვადასხვა სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვას, მუდმივია და გაგრძელდება.