თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ევროპის ჭიდაობის ფედერაციამ ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა.
თავისუფალი ჭიდაობაში 2024 წლის ნომინანტები ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დაასახელეს.
ამასთან, გიორგი იანტბელიძე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პეტრიაშვილისა და იანტბელიძის ჯილდოები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასკომის წევრმა ედიშერ მაჩაიძემ ჩაიბარა.
2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა - პეტრიაშვილმა ფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 10:9 დაამარცხა.
30 წლის გენო პეტრიაშვილი არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს, ევროპის, ევროპული და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) 2024 წლის მსოფლიო საუკეთესო მოჭიდავედ გენო პეტრიაშვილი დაასახელა.
ამჟამად გენო პეტრიაშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის მეათე ნომრად წარადგინეს.