თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება იცავს თავისი ქვეყნის ინტერესებს და მისი სანქციებით დაშინებას, როგორც ამას აკეთებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, აზრი არ აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა წერილი გაუგზავნა ევროპარლამენტის წევრებს, რომელშიც აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს სანქციების დაწესებაზე იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობაში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს შორის შეთანხმების მიღწევა ჯერ ვერ მოხერხდა, დისკუსიები გრძელდება.
„ნუ გვაშინებენ ამ სანქციებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება. ზემოდან ყურება და მბრძანებლობა ვისთანაც გასდით, იმათთან გაუვიდეთ. არც კაია კალასს და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს თავიანთი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები გათელილი იყოს ფეხქვეშ, როგორც ეს სხვა ქვეყნის შემთხვევაში გააკეთეს", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ისეთი ჩინოვნიკები, როგორიც კაია კალასია, უმცირესობაში არიან, ისევე როგორც რადიკალები ე.წ. „პოლიტიკური პარტიების" სახით.
„ყველას მოუწევს, რომ ამ ყველაფერს შეეგუოს. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება“ დემოკრატიულ საქართველოს“, - აღნიშნა კალაძემ.
აქციები თბილისში
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. ევრომაიდანის რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.