თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა 8 აპრილიდან მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, რომელსაც იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები ჩაატარებენ.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.
რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა.
საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.