თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 150-ე ასამბლეაში, რომელიც 5-8 აპრილს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება. წლევანდელი ასამბლეის თემაა „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“.
„პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამართლიანი, ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რამაც შექმნა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე კონცენტრირების შესაძლებლობა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც სიღარიბის შემცირებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობის მიღწევის ინსტრუმენტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა სოციალური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა მიმართული.
პაპუაშვილის თქმით, ოჯახს საზოგადოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს და ამიტომ ოჯახების მხარდაჭერა სოციალური განვითარების დღის წესრიგში ცენტრალურ ადგილს იკავებს.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებასთან პარტნიორობის ერთგული და გამოხატა ნაყოფიერ განხილვებში მონაწილეობის მიღების მზაობა, რითაც შესაძლებელი გახდება წვლილის შეტანა სამართლიანი, მდგრადი და წარმატებული გლობალური საზოგადოების შექმნაში.
ასამბლეის ფარგლებშ8ი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა თურქ კოლეგა ნუმან ქურთულმუშთან და ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანასთან.