თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ესპანური „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის "რეალთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 1:2 დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილმა მე-13 წუთზე „ვალენსიის“ კარში დანიშნული პენალტის დროს გადაარჩინა თავისი კლუბი. პირველ ტაიმში მან კილიან მბაპე დაბლოკა, შესვენების შემდეგ კი შანსი არ დაუტოვა ჯუდ ბელინჰემს და ფედერიკო ვალვერდეს. მამარდაშვილის ანგარიშზე ჯამში 8 სეივია.
ქართველი მეკარე საუკეთესო მოთამაშედ რამდენიმე ანალიტიკურმა პორტალმაც აღიარა. Whoscored-მა მამარდას თამაში 8,4 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ და Flashscore-მ თითოეულმა 8,5 ქულა მისცა.
ვალენსიამ სამეფო კლუბთან გასვლითი გამარჯვება 2008 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიპოვა. მამარდაშვილის კლუბმა 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავა. მადრიდის "რეალი" 63 ქულით მეორე ადგილზეა და თავის მუდმივ მეტოქეს, „ბარსელონას“ ჩამორჩება.
2024 წლის აგვისტოში მამარდაშვილმა კონტრაქტი ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა. მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულში“ 2025 წლის ზაფხულში გადავა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წამყვანი სპორტული გამოცემების მიხედვით კონტინენტის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.