თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ერთობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა, კახეთის გზატკეცილზე მდებარე თავისი მთავარი ოფისი გაყიდა, ამას სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერი ადასტურებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი აშენდა კახეთის გზატკეცილზე, თბილისის გარეუბანში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. 2406 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა 4 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზეა განთავსებული.
შენობის ახალი მფლობელი თამაზ წიფურაშვილია, რომელიც შპს „ევ დისტრიბუშენის“ 100%-იან წილს ფლობს, ამ კომპანიის დირექტორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძეა.
გარიგების თანხა არ სახელდება.
პარტიაში ცენტრალური ოფისის გაყიდვის გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსების მობილიზებასა და ამომრჩეველთან სიახლოვეს ასახელებენ. პარლამენტში მანდატების დათმობით პარტიამ დაკარგა სახელმწიფო დაფინანსება და ახლა მხოლოდ პარტიული გადასახადებითა და შემოწირულობებით არსებობს.
ამჟამად პარტიას საკუთრებაში კიდევ ორი ოფისი და 12 სატრანსპორტო საშუალება რჩება.