თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს შენიშვნებს ჩეხი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ითხოვენ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ამასთან ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი რეკომენდაციას უწევს ჩეხეთის მთავრობას, მოითხოვოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება, რომელიც ეხება მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.
„ელოდონ სხვები ახალ არჩევნებს, ლოდინს წინ რა უდგას, დაელოდონ. სააკაშვილის მეგობრებისგან შენიშვნის ერთ სიტყვასაც კი არ მივიღებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ისინი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
„ერთადერთი, რასაც მოველით სააკაშვილის მეგობრებისგან, არის ბოდიში, სხვა დანარჩენი ამის ფონზე არის აბსოლუტურად გაუფასურებული. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ კორუმპირებულ ადამიანს, რომელმაც შექმნა ადამიანების წამების სისტემა, მათგან საერთოდ რა წინადადება, რა რეკომენდაცია, რა შენიშვნა, რა სიტყვა ან კომენტარი უნდა მივიღოთ?!“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, სადაც თითოეულ მათგანში 2021 წლის 29 ოქტომბრიდან ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.
აქციები თბილისში
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდანის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.