თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს   პორტებმა და ტერმინალებმა 2024 წელს 15,6 მილიონი ტონა   ტვირთი გადაამუშავეს, რაც 5,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან   შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის"   ვებგვერდზე განთავსებული მასალების შესახებ.
უწყების ცნობით, გადამუშავებული ტვირთების 45,7% გენერალური ტვირთია, 33,6% – თხევადი, 20,7% კი – ნაყარი ტვირთი.
გასულ წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 168 გემი,  რომელთა 38,5% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 30,1% – თხევადი  ტვირთმზიდი,  22,5% – კონტეინერმზიდი, ხოლო 8,9% ნაყარ ტვირთმზიდებზე,  სპეციალიზებულ  გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.
ამ  პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 34%-ით  მეტი  სპეციალიზებული გემები, 15,9%-ით  მეტი გენერალური (ზოგადი სახის)  ტვირთმზიდი, 6,7%-ით მეტი თხევადი ტვირთმზიდი და 14,1%-ით ნაკლები  კონტეინერმზიდი  და 9,2%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი.
ამასთან,  2024 წელს პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების  18,4% თურქეთის დროშით დაცურავდა, 16,1% – პანამის, 9,6% - მალტის, 8,7% –  ლიბერიის, 5,2% - რუსეთის ხოლო 42% სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.
მგზავრების გადაყვანა
2024 წელს საქართველოს  ნავსადგურები 7,9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც  2,4%-ით მეტია 2023 წლის  მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრნაკადში ქვეყანაში შემოსული მგზავრების წილმა გადააჭარბა გასული მგზავრების წილს და 51% შეადგინა.
საქართველოში   ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი  ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა - ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის   გემების მიღება.