თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,2%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 6,1%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 3,5%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 24,1%-ით.
2025 წლის იანვარში, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 11,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 2,8%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,6%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 28,6%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 10,1%-ით, მათ შორის სასმელზე - 10,4%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 4,2%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 5,9%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის იანვარში 2% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის იანვარში, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.