ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლა განახლდა

ბათუმის აეროპორტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდულ რეჟიმში მუშაობდა.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლა განახლდა.
უამინდობისა და ქარბუქის გამო ბათუმის აეროპორტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდულ რეჟიმში მუშაობდა. 24 თებერვალს აეროპორტში 8 ავიარეისი გაუქმდა - ავიარეისებს მის ნაცვლად ქუთაისის აეროპორტი იღებდა.
გუშინ კი დიდთოვლობის გამო აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის გადახურვა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სავარაუდოდ, დღეს სრულად განახლდება ფრენები - დღის განმავლობაში 12 ავიარეისია დაგეგმილი.
აჭარაში რამდენიმე დღეა გადაუდებლად თოვს. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში ერთი მეტრია.
უამინდობის გამო აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ბათუმის აეროპორტში გადაიდო ავიარეისები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათასობით ოჯახი. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა „საქართველოს რკინიგზამაც“. ბათუმში მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.
ბათუმში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ასევე შეფერხება დაფიქსირდა წყალმომარაგების კუთხით, დაზიანდა ცენტრალური მილი. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ყველა აბონენტს სასმელი წყალი ეტაპობრივად მიეწოდება. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა ქუჩების გაწმენდითი ღონისძიებები. სამუშაოებში ჩართული იყო როგორც მუნიციპალური, ასევე დაქირავებული სპეცტექნიკა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. უწყების ყველა სპეცტექნიკა მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ცენტრებთან დამაკავშირებელი შიდა სასოფლი გზების გაწმენდას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი 27 თებერვლამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევი.