თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი გეგმავს ტერმინების „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ საქართველოს კანონმდებლობიდან ამოიღოს - შესაბამისი ცვლილებები ყველა მოქმედ კანონში განხორციელდება.
ცვლილებების თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ შეიცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები „გენდერულად მგრძნობიარე“ შეიცვლება სიტყვებით „სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება შეეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი დაერქმევა.
პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.
საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტებს განსახილველად უკვე გადაეცა.
„გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 27 მარტს მიიღო. კანონი არეგულირებს უსაფრთხოების განმტკიცების, შრომის ბაზარზე თანასწორობის შექმნისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მექანიზმებს.