კვარაცხელია „ლიონთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია „ლიონი“- „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში „პსჟ"-მა გასვლით მატჩში „ლიონი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდებმაც გამოარჩიეს: კვარაცხელიას Flashscore-მა 9 ქულა დაუწერა, Whoscored-მა – 8,9. ერთადერთი გამონაკლისი Sofascore გამოდგა, რომელმაც საუკეთესოდ დუბლის ავტორი, აშრაფ ჰაკიმი (8.9) მიიჩნია, თუმცა, ხვიჩას მეორე საუკეთესო შეფასება (8.6) დაუწერა.
„პსჟ" 59 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 27 თებერვალს ჩაატარებს - რენში რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლიონი“ 36 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 2 მარტს „ბრესტს“ უმასპინძლებს.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.
„პარი სენ-ჟერმენის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის ლიდერია - მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონი ევროა. მონაცემები გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა განაახლა.