თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, რომელთა შორის 12 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, ათი პირი კი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და იმერეთში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 21-დან 59 წლამდეა, არიან როგორც საქართველოს, ისე ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
გარდა ამისა, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.