შსს: ბოლო პერიოდში აქციის მონაწილეები ხელოვნურად კეტავენ რუსთაველის გამზირს

უწყება ეხმაურება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ბოლო პერიოდში თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად კეტავენ რუსთაველის გამზირს, ისე, რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
შსს ეხმაურება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვანი უწყების თანამშრომელთა მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდება.
„დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, საჩივრის განხილვის ფარგლებში უწყება უზრუნველყოფს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების დამატებით დეტალურ გამოკვლევას და საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.
აღნიშნული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და ითვალისწინებს ჯარიმას 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.