თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირში გარკვეულ წრეებს სურთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ამის მისაღწევად ყველა ღონეს ხმარობენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის განცხადებასთან დაკავშირებით.
სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ელის პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში დამკვიდრებული ანტიევროპული ტენდენციის გარდატეხას და მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს.
„მას აქვს გეგმა და მიზანი - შეცვალოს ხელისუფლება საქართველოში, ეს არის ევროკავშირის გარკვეული წრის სურვილი და ამ შემთხვევაში საქართველო უკვე გადაიქცა ბრძოლის ველად აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებისთვის. ეს არის რეალობა და სამწუხაროდ, ამას ემსახურება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება სიმართლეს ხედავს და უარყო ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების არსებობა.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლება ამ დისტანცირებას ხსნის იმით, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე და მისი მისწრაფება, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი რანგის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია - არგუმენტად დასახელდა მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების არშესრულება.
შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ სავიზო სანქციები დაუწესეს 200-მდე მაღალჩინოსანს.