თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 104-ე წლისთავს ულოცავს.
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს. ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა.
„1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. მისი მიღება საქართველოს გასაბჭოებამდე სამი დღით ადრე მოესწრო და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინა. ეს დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა.
კონსტიტუციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო იმდროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების უდიდეს მიღწევად არის მიჩნეული.