თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. უამინდობამ და ინტენსიურმა თოვამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ონის მუნიციპალიტეტში თოვლმა პრობლემები შექმნა როგორც გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ – ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. ამ დროისთვის ონში გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური და შიდა გზები, ასევე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა სოფელ უწერაში, გლოლაში, ღებსა და ჭიორაში.
ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა კახეთშიც. თელავის მოსახლეობის ნაწილს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია
რთული ხილვადობის, თოვისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ამ მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.
მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა თელავის ცენტრალური გზები, თუმცა უამინდობის გამო ამ დრომდე შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.
ადგილობრივ ხელისუფლების განცხადებით, მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური, ქალაქში დილიდან მიმდინარეობს გზების და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი.