ახალციხეში მძღოლობის მსურველთა პრაქტიკული გამოცდები გადაიდო

მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის აღების მსურველებს მიმართავს გამოცდაზე გასვლამდე დარეკონ ცხელ ხაზზე - 1272.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობის გამო მომსახურების სააგენტოს ახალციხის სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) შეჩერებულია, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნულოი სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი 22 თებერვლამდე გაგრძელდება - ნავარაუდევია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალმთაში ნავარაუდევია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შესაძლოა, საგამოცდო პროცესი სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც შეფერხდეს.
უწყების ცნობით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ - აპლიკანტებს გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.
მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის აღების მსურველებს მიმართავს გამოცდაზე გასვლამდე დარეკონ ცხელ ხაზზე - 1272.
გუშინ, უამინდობის გამო საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპები, ქუთაისში კი პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი) შეჩერდა.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან - მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.