მძღოლობის მსურველთა პრაქტიკული გამოცდები შეფერხდა: მომსახურების სააგენტოს განმარტება

მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის აღების მსურველებს მიმართავს გამოცდაზე გასვლამდე დარეკონ ცხელ ხაზზე - 1272.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები უამინდობის გამო შეფერხებით ტარდება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
გარემოს ეროვნულოი სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 19-21 თებერვლის პერიოდში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალმთაში ნავარაუდევია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
სააგენტოს ცნობით, უამინდობის გამო საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპები შეჩერდა;
ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულში კი შეჩერდა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი).
გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შესაძლოა, საგამოცდო პროცესი სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც შეფერხდეს.
მომსახურების სააგენტო სთხოვს მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდაზე გასვლამდე, ცხელ ხაზზე 1272 - დაუკავშირდეს.
უწყების ცნობით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ - აპლიკანტებს გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.
მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის აღების მსურველებს მიმართავს გამოცდაზე გასვლამდე დარეკონ ცხელ ხაზზე - 1272.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან - მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.