ჩხაიძე: იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა

ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსით მოთავსებული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა, მათგან 50%-ზე მეტს ფილტვების ანთება უფიქსირდება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
იანვრის დასაწყისიდან საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუ გასული დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში გრიპის ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, ახლა 70%-ს მიაღწია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის მიმდინარეობისას ძირითადი საშიშროება ფილტვების ანთებაა. მისი თქმით, ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებს, რადგან 1-2 წლის ასაკის ბავშვები რისკის ჯგუფში შედიან.
„ცხელებით და ხველით ექიმი და მშობელი ეჭვს ვერ მიიტანს ფილტვების ანთების არსებობაზე, სუნთქვა უჩვეულოდ უნდა იყოს გახშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა ტემპერატურის და სატურაციის გაზომვასთან ერთად სუნთქვის სიხშირის დათვლაც ისწავლონ“, - განაცხადა მედიკოსმა.
ჩხაიძის განმარტებით, ფილტვების ანთების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმია უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა. თუ 2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, სუნთქვის სიხშირე მოსვენებულ/ძილის მდგომარეობაში 50-ზე მეტია, ეს მიანიშნებს ფილტვის ანთებაზე.
ექიმის განმარტებით, გრიპის ვირუსის პიკი ჯერ კიდევ არ არის გადასული. კერძოდ, გრიპის პიკი იმ შემთხვევაში აღარ იქნება, თუ 2-3 კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევების რაოდენობა 50%-ს ჩამოცდება.
„ახლა ნამდვილად პიკის ეტაპია. არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს. დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის 80-70% წილი ძალიან მაღალია“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძემ გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრიპის როგორც A, ისე B ტიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა.
დღეს ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი. H1N1 არის A ვირუსის ქვეტიპი, რომელიც იწვევს ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს. დაავადების მძიმე ფორმას ახასიათებს სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით, მას ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა არ გააჩნია. ქვეყანაში ასევე გავრცელებულია „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, შედარებით ცოტა შემთხვევა ფიქსირდება H3 ტიპის ვირუსის.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
როგორც ადრე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპი არ ითვლება უსაფრთხო ვირუსად და ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპის შედეგად 400 ათასიდან 650 ათასამდე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.