თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.
ტრაგედია გვიან ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და ამოსვლა ვერ მოახერხეს. არასრულწლოვნები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„სიტყვებით რთულია, გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც „ოცნების ქალაქში” დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს. ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ“, - დაწერა სოციალურ ქსელში თორნიკე რიჟვაძემ.
ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა, ღამით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ადგილობრივებსა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შორის.
მოქალაქეების ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც ორი მოზარდი დაიღუპა, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე კი ირწმუნებოდა, რომ ბინების მშენებლობა ტერიტორიაზე ჯერ არ მიმდინარეობდა.
„გამოძიება დაადგენს, რა მოხდა. თხრილები ცალკეა, მშენებლობა კი ცალკე, სამშენებლო მოქმედება დაწყებული ჯერ არ არის“, – განაცხადა თავდგირიძემ.
ადგილზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძეც მივიდა. მისი თქმით, უბედური შემთხვევა სადაც მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის. მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია, განაცხადა მან.
ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადამიანები უმძიმეს პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2019 წლის თებერვალში გადაწყდა ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს. ამ დროისთვის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი აშენებულია, ამ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე კორპუსის, სკოლის, საბავშვო ბაღის და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აშენება იგეგმება. ტენდერი უკვე დასრულებულია. ცოტა ხნის წინ „ოცნების ქალაქში“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა, რა დროსაც ამ ტერიტორიის განვითარებაზე ისაუბრა.