ევროპა-რაგბი: საქართველომ ესპანეთი დაამარცხა

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში, მადრიდში ესპანეთის ნაკრები ბონუსქულით, 62:32 დაამარცხა.
ეს საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების 25-ე მატჩია: ბორჯღალოსნებს აქვთ 21 მოგება, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ესპანელებმა კი სულ სამჯერ მოიგეს.
ქართველებმა მეტოქეს 10 ლელო დაუდეს. ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის დასაწყისში საქართველომ შვეიცარიის ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და რეკორდი -110:0 დაამყარა. შემდეგ ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს მოუგეს – 40:7.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება. ნახევარფინალური მატჩი 1 ან 2 მარტს თბილისში გაიმართება.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატი ასევე არის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ოთხი საუკეთესო ევროპული გუნდი ავსტრალიაში პირდაპირ საგზურს მოიპოვებს. საქართველომ, ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილი უკვე გაინაღდა.