თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და არასწორი გზით მიდის, რადგანაც ახლა მნიშვნელოვანია დიალოგის აღდგენა და არა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებისისთვის ხმის მიცემა, განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა, მემარჯვენე პოპულისტური ბლოკიდან „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროპარლამენტის დეპუტატმა ტიერი მარიანმა.
13 თებერვალს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, მისი ნათესავებია და გარემოცვის წინააღმდეგ. პროექტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, საპარლამენტო არჩევნები იქნა გაყალბებული, მედია-გარემო კი გაუარესდა.
„არ მესმის ამ სანქციების არსი. რისთვის არის სანქციები, იმიტომ, რომ ქართველმა ამომრჩეველმა არ მისცა ხმა ისე, როგორც ფონ დერ ლაიენს (ევროკომისიის პრეზიდენტი - რედ.) სურდა? არ მესმის ინდივიდუალური სანქციების აზრი", - განაცხადა მარიანმა.
პოლიტიკოსის აზრით, ევროპარლამენტი არასწორ გზაზე დგას და ახლა დიალოგის დროა და არა სანქციების.
„გასულ წელს ჩვენ პარლამენტში მივიღეთ მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც არასდროს ეფექტურად არ მუშაობდა. არ მივდივართ სწორ გზაზე. მნიშვნელოვანია დიალოგის აღდგენა და არა ხმების მიცემა სანქციებისთვის", - განაცხადა მარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, სანქციები არის იმის ნიშანი, რომ ევროკავშირი არის ძალიან სუსტი.
„ჩვენ არ ვიცით რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა ხმას მისცემს პარლამენტის სურვილების წინააღმდეგ, მას ეფექტი არ გააჩნია და ის პირიქით, ურთიერთობას გააფუჭებს დიდი ხნის განმავლობაში", - განაცხადა მარიანმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. აღნიშნულ პროექტს ჩალის ფასი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში.
2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, რომელთაგან თითოეულში არის მოწოდება 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიიდან გადახვევაში და ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლება ამ დისტანცირებას ხსნის იმით, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე და მისი მისწრაფება, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი რანგის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია - არგუმენტად დასახელდა მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების არშესრულება.
შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ სავიზო სანქციები დაუწესეს 200-მდე მაღალჩინოსანს.