სუბარი: დანაშაულს რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა, ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა

თუ დანაშაულს ჰქონდა სისტემური ხასიათი, იგი საჭიროებს გამოძიებას, განაცხადა ვიცე-სპიკერმა
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დანაშაულს რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა, ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რითაც, პრაქტიკულად, დავალება მოგვცა, რომ გამოვიძიოთ იგი, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია მუშაობას თებერვლის პირველ სამშაბათს დაიწყებს.
„ის, რომ დანაშაულს ჰქონდა სისტემური ხასიათი, ეს დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და პრაქტიკულად. ამით დავალება მოგვცა, რომ გამოვიძიოთ ეს დანაშაული. სტრასბურგის სასამართლოს სისტემურ დანაშაულთან მიმართებით არაერთ განაჩენში აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. შესაბამისად, თუ დანაშაულს ჰქონდა სისტემური ხასიათი, ე.ი. ეს საჭიროებს ასეთივე გამოძიებას", - განაცხადა სუბარმა.
საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი მიეცა პასუხისგებაში. ამჯერად „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებთან დაკავშირებული პოლიტიკური ორგანიზაციების დასჯას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გამუდმებით აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლებამ მოსახლეობას დაამახსოვრა თავი მმართველობის უხეში მეთოდებით: ესაა ძალადობა, ბიზნესის რეკეტი, შანტაჟი და მუქარა.
საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს არწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში დაიწყებდა სამართლებრივ პროცედურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციების, მემკვიდრე-პარტიებისა და სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით.
ამ პარტიებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობაზე მმართველი გუნდის ლიდერებმა არჩევნების შემდეგ კვლავ დაიწყეს საუბარი - საუბარია ოპოზიციაზე, რომელიც შევიდა პარლამენტში, მაგრამ უარს ამბობს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე.
გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება. „ქართულ ოცნებაში“ ყველა ამ პარტიას უწოდებენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთში საერთო პატრონების მქონე აგენტებს.
საგამოძიებო კომისიის ფუნქციები
მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, დღეს საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დანაშაული ჩაიდინა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
დანაშაულებს შორისაა:
პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველ სასესიო კვირაში.
კომისიის დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.
სპეკულაციების გამოსარიცხად, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, 2003-2012 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის.